ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა
14 ივლისი 2023საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია, ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ვაჰე ღალუმიანის, ხელმძღვანელობით, საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში შედიან ამავე კომიტეტის წევრები - დავით დანელიანი, გარნიკ დანელიანი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყანებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას.
ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური, ფინანსური და დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე, მთიანი დასახლებების მხარდაჭერისათვის გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას.
სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე, ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვეს და ამ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ერთობლივად აშენებული ახალი საავტომობილო ხიდი დაასახელეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი გოჰარ მანუკიანი და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი.